ამერიკელი სომელიეები ქართულ ღვინოს ეცნობიან
29.08.2017

ამერიკელი სომელიეებისა და იმპორტიორების ჯგუფი ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქართული ღვინის მწარმოებელ 18 კომპანიას მოინახულებენ და ადგილზე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოებს, გაეცნობიან ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, ქართულ სამზარეულოს.

სოფლის ემურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის პროფესიონალების შვიდკაციან ჯგუფს (Lisa Granik, Aimee Suzanne Lasseigne New, Andrea Edith Morris, David Vincent Foss, Edward Anthony Morello, LiLy Echo Peachin, Jefrrey W Harding) ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანია ,,TastingWorks”-ის მმართველი, ცნობილი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ხელმძღვანელობს.

ლიზა გრანიკის ორგანიზებით, ბოლო წლებში საქართველოში ღვინის პროფესიონალების არაერთი ვიზიტი გაიმართა, აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში კი ჩატარდა ქართული ღვინის ათეულობით დეგუსტაცია და პრეზენტაცია. როგორც ლიზა გრანიკი აღნიშნავს, ქართული ღვინის ხარისხი სულ უფრო და უფრო იხვეწება და უმჯობესდება. მისივე თქმით, მსგავსი ღვინის ტურები ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული ღვინის წარმოების ტრადიციული მეთოდებისა და უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდასა და ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში.

აშშ-ს ბაზარზე, მიმდინარე წლის 7 თვეში აშშ-ში ექსპორტირებულია 236 ათასი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 89%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

Imedinews